29/02/2024
12:55
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ. გამგებელმა კონსტანტინე ფილიამ დეფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსახლეობის გადინების კუთხით ვითარება რთულია.
ფილია ამბობს, რომ 2011 წლის აღწერის მიხედვით, გალის რაიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 7 ათასი გალში, 23 ათასი სოფლებში. „ხელისუფლება“ არ არის მზად 2024 წელს რეგიონში ახალი აღწერის ჩასატარებლად - აღნიშნა მან.
ფილიას ინფორმაციით, 2023 წელს გალის რაიონში 137 ბავშვი დაიბადა, თუმცა რეესტრის ოფისმა მხოლოდ 59 დაბადების მოწმობა გასცა.
„ბავშვები სამშობიაროში იბადებიან, მაგრამ რეესტრი მათ დაბადების მოწმობას ვერ გასცემს, რადგან მშობლებს საბუთები არ აქვთ“, - განაცხადა მან.
მოსახლეობის გადინება, ფილიას თქმით, 2015 წელს დაიწყო და ასოცირდება „მოსახლეობის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან“ და „დოკუმენტაციის სირთულეებთან“. ის ამტკიცებს, რომ "ტენდენცია შეჩერებულია", მაგრამ "მოქალაქეობის პერსპექტივის გარეშე", ბავშვებს ამ ტერიტორიიდან "სხვადასხვა მიმართულებით" გზავნიან.
ფილიამ აღნიშნა „პარლამენტის“ მიერ მიღებული კანონი, რომელიც, მისი თქმით, ჯერ არ შესულა ძალაში. საუბარია „სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომლებიც ითვალისწინებს „აფხაზი ეროვნების აღდგენის“ უფლებას.
პილიის თქმით, გალის მაცხოვრებლები ოფიციალურად არ ეწერებიან ადგილიდან, „ხალხი უბრალოდ მიდის“. მან მაგალითად მოიყვანა სოფელი თაგილონი, სადაც 380 კომლიდან 51 დაცარიელდა.
ენგურის ხიდს, ფილიას თქმით, ყოველდღიურად დაახლოებით 2,5 ათასი ადამიანი კვეთს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ გალის რაიონში, ისინი „მხოლოდ ვიზებით შემოდიან, მხოლოდ სპეციალური საბუთებით“, ამბობს ის.
0
0