03/02/2022
12:35
საზოგადოება
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს.
ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ მათი დაკვეთით მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება, რომელიც გაბრიელ სალოსის გამზირზე აშენდება.
„საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება. აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
0
0