12/06/2024
11:10
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და „მეთადონი“, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0