20/12/2022
11:37
სამართალი
„H145“-ის მოდელის მრავალფუნქციური სამი ახალი შვეულმფრენი, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ როგორც პოლიციური, სატრანსპორტო, ასევე სამძებრო და სამაშველო ფუნქციები მალე საქართველოს საჰაერო ძალებს შეემატება. ინფორმაციას ფრანგულ „Airbus Helicopters“-თან გაფორმებული შეთანხმების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - "Airbus Helicopters"-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ.
საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია „H145“-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს.
„H145“ მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
„H145“ წარმოადგენს „Airbus“-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები“,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0