24/08/2022
21:35
სამართალი
ამოღებულია, ვერ ამოიღეს თუ დაზიანებული იყო, არ ვიცი, ტექნიკოსი არ ვარ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც N12 პენიტენციურ დაწესებულებში ვიდეოკამერების მუშაობას და ჩანაწერების წაშლის თაობაზე არსებულ ეჭვებს უკავშირდებოდა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულის შესახებ შესაბამის სპეციალისტებს უნდა ვკითხოთ.
„არ ვიცი ამ დღეების არის, ორი თვის, წაშლილია, ამოღებულია, ვერ ამოიღეს თუ დაზიანებული იყო, არ ვიცი ეს ყველაფერი, მე ტექნიკოსი არ ვარ და როგორ აგიხსნათ, ცხრა კამერა იყო თუ ხუთი. არ ვიცი შიგნით სისტემა, როგორ მუშაობს ეს კამერები და როგორ აქვთ მოწყობილი. ჩემს სამსახურში რომ მკითხოთ, ვიცი და რაც არ ვიცით, უნდა ვკითხოთ სპეციალისტებს. როგორ მუშაობს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა შს მინისტრმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა.
ომბუდსმენის განმარტებით, სოსო გოგაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაადასტურა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აღნიშნულ მოთხოვნაზე სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში N12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი.
0
0