15/09/2024
11:27
სპორტი
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა:
"სიგიჟეა, მგონია, რომ სიზმარში ვარ. ვცდილობდი, რომ წინასწარ არ მეფიქრა ქამარზე. ყოველი ბრძოლის მოგების შემდეგ, ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე პატარა ბიჭებთან ვვარჯიშობ, თავისუფლად შემიძლია 15 რაუნდიან ბრძოლას გავუძლო
პატივისცემა მას, თუმცა ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ვიბრძვით და საუკეთესო იმარჯვებს. მე დღეს საუკეთესო მებრძოლი ვარ UFC-ში. შემომხედეთ, მე ახლა უკვე ჩემპიონი ვარ! მე ინსპირაციას ვაძლევ ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამავდროულად, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ისევ ის ვარ, მშენებლობაზე რომ მუშაობდა. ო’მალი მაღლიდან მიყურებდა, ფიქრობდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო. არავინ არავისზე უკეთესი არ არის. ყველამ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს. იშრომეთ თქვენი მიზნებისთვის და ყველაფერი შესაძლებელია
საჩემპიონო ქამარი ჩემია და ამისთვის 12 წელი ვმუშაობდი. საოცრად დიდ პატივს ვცემ დენა უაითს, რადგან მას ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის. თქვენს წინაშეა ნორმალური ადამიანი, რომელიც ლეგენდებს უდიდესი პატივისცემით ეპყრობა. დენა უაითი კი არის პიროვნება, რომლის დამსახურებითაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა. შემომხედეთ, მე UFC-ის ჩემპიონი ვარ"
საქართველოს UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს. ილია თოფურიას შემდეგ, ჩემპიონის ქამარი მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა.
საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, მერაბი მეტოქეს მიწაზე აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად ქართველს მიანიჭეს.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024