06/06/2024
10:16
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.კ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0