20/07/2023
14:14
მედიცინა
მამაკაცი, რომელსაც „ჟენეველი პაციენტი“ უწოდეს, კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა; თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, წინა განკურნებული პაციენტებისგან განსხვავებით, მისთვის არ გადაუნერგავთ ვირუსის მბლოკავი გენური მუტაცია.
აქამდე, აივ-ინფექციისგან განკურნებულად გამოცხადებული იყო ხუთი ადამიანი: ბერლინელი, ლონდონელი, დიუსელდორფელი, ნიუ-იორკელი, და იმედის ქალაქელი (კალიფორნიელი) პაციენტები.
კიბოს სერიოზული შემთხვევისგან განკურნების მიზნით, ყველა მათგანს გადანერგილი ჰქონდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტატები — ღეროვანი უჯრედები დონორისგან, რომელსაც CCR5 გენის მუტაცია აქვს. ცნობილია, რომ ეს მუტაცია აივ-ინფექციას უჯრედებში შესვლის გზას უბლოკავს.
2018 წელს, ლეიკემიის განსაკუთრებით აგრესიული ფორმის სამკურნალოდ, ღეროვანი უჯრედების ასეთი ტრანსპლანტატები ჟენეველ პაციენტსაც გადაუნერგეს.
თუმცა, ამ შემთხვევაში ტრანსპლანტატი ეკუთვნოდა დონორს, რომელიც არ იყო CCR5 მუტაციის მატარებელი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსს მაინც შეეძლო პაციენტის უჯრედებში შესვლა.
თუმცა, მამაკაცის მიერ ანტირეტროვირუსული მკურნალობის (რომელიც სისხლში აივ- ინფექციის რაოდენობას ამცირებს) შეწყვეტიდან 20 თვის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა მის სისტემაში ვირუსის კვალიც ვეღარ იპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის ორგანიზმში აი-ინფექციის კვლავ დაბრუნებას არ გამორიცხავენ, მკვლევრები მას გრძელვადიან რემისიაში მყოფად თვლიან.
„ის, რაც ჩემს თავს ხდება, არის დიდებული, ჯადოსნური“, — ამბობს ჟენეველი პაციენტი.
ის თეთრკანიანი მამაკაცია და ანონიმურობას ინარჩუნებს; აივ-ინფექციის დიაგნოზი 1990 წელს დაუსვეს.
ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებზე ის 2021 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა. სწორედ მაშინ, ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს, რომ პრეპარატების მიღება შეეწყვიტა.
იმედისმომცემი
წინა ორ შემთხვევაში, რომელიც ბოსტონელი პაციენტების სახელით არის ცნობილი, ასევე გადაუნერგეს ღეროვანი უჯრედების ჩვეულებრივი ან „ველური ტიპი“. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ანტირეტროვირუსული მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აივ-ინფექცია კვლავ დაბრუნდა.
ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გამართულ კონფერენციაზე, სადაც ჟენეველი პაციენტის შემთხვევა წარადგინეს, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მეცნიერმა ასიე საე-სირიონმა განაცხადა, რომ თუ ვირუსისნიშნები 12 თვის შემდეგაც არ გამოჩნდა, „მნიშვნელოვნად იზრდება იმის ალბათობა, რომ ის მომავალშიც დაუფიქსირებელი დარჩება“.
მისი განცხადებით, არის რამდენიმე შესაძლო ახსნა, თუ რატომ აღარ ფიქსირდება ჟენეველი პაციენტის ორგანიზმში აივ-ინფექცია.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრანსპლანტატმა ალბათ ყველა ინფიცირებული უჯრედი მოსპო სახელგანთქმული მუტაციის საჭიროების გარეშე; ასევე შესაძლებელია, რომ ამაში როლი ითამაშა მისმა იმუნოდეპრესიულმა მკურნალობამ, რაც გადანერგვის შემდეგ არის საჭირო“, — ამბობს იგი.
შიდს-ის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, შერონ ლევინმა ბრისბენში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა იმედისმომცემია.
„თუმცა, ბოსტონელი პაციენტებისგან ვისწავლეთ, რომ ვირუსის ერთ ნაწილაკსაც კი შეუძლია, რომ აივ-ის დაბრუნება განაპირობოს. ამ კონკრეტულ პაციენტს ახლო დაკვირვებები ესაჭიროება მომდევნო თვეებსა და წლებში“, — ამბობს ლევინი.
მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი რემისიის ეს შემთხვევა ზრდის იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აივ-ინფექცია შეიძლება მართლა განკურნებადი გახდეს, ძვლის ტვინის გადანერგვის რთული და სარისკო პროცედურა არ გახლავთ ვარიანტი მთელ მსოფლიოში აივ-ინფექციით ინფიცირებული მილიონობით ადამიანისთვის.
უბრალოდ, საქმე გვაქვს სიცოცხლისათვის საშიში კიბოს მკურნალობასთან პაციენტებში, რომლებსაც ამავე დროს აივ-ინფექციაც აქვთ.
თუმცა, არსებობს იმედი, რომ რემისიის შემთხვევები კვლევებს ახალ გზებს გაუხსნის, მაგალითად, იმ პოტენციურ როლს, რასაც იმუნოდეპრესიული მკურნალობა ასრულებს.
წყარო: 1 tv.ge
0
0