26/06/2022
18:39
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, G7-ის ქვეყნების მიზანია, შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსული არმიის მანქანას.
ბავარიაში G7-ის სამიტის დაწყებამდე, მიშელმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო“, რამაც გავლენა იქონია სურსათისა და საწვავის მარაგზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე.
მისი თქმით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ „ურყევი ერთიანობა“ უკრაინის მხარდასაჭერად. როგორც მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასევე, მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის აღდგენას.
„ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა გასული წლის G7-ის სამიტის შემდეგ კორნუოლში. მსოფლიო გვიყურებს - მოდით, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
დღეს გერმანიაში G7-ის სამდღიანი სამიტი იწყება. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები განიხილავენ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ასევე, ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდას, მსოფლიო შიმშილის საფრთხეს, კლიმატის ცვლილებას, ჩინეთის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას და მზარდ ავტორიტარიზმს მსოფლიოში.
0
0