11/11/2024
14:34
მსოფლიო
Foxnews-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ჯორჯიას შტატის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა 24 წლის ლეილანი საიმონი მისი 20 თვის შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. პოლიციამ ბიჭის ცხედარი ნაგავსაყრელზე იპოვა.
ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლეილანი საიმონი გაასამართლეს. საიმონს 19 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, საქმეები ეხება განზრახ მკვლელობას, სხვა ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დამალვას და ცრუ განცხადების გაკეთებას. ინციდენტის დღეს, ქალმა პოლიციას აცნობა, რომ მისი ვაჟი, კვინტონი, სავარაუდოდ, გაიტაცეს.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ განაცხადა, რომ ბავშვი, სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო და სავარაუდო მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად ლეილანი საიმონი მიიჩნია. რამდენიმე დღის შემდეგ, ლეილანი ადგილობრივ ბარში დედასთან და მეგობრებთან ერთად დააფიქსირეს. ადგილობრივ საინფორმაციო გამოცემასთან ინტერვიუში, ლეილანმა შვილის გაუჩინარებაში თავისი მონაწილეობა უარყო.
მოგვიანებით, პოლიციამ კვინტონის ცხედარი ნაგავსაყრელზე იპოვა, ორი დღის შემდეგ კი ბავშვის დედა დააპატიმრა.
„სასამართლომ ლიელანი საიმონის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი საიმონის დამნაშავედ ცნობას ყველა ბრალდებაში, 40 მოწმეს მოუსმინეს და 100-მდე მტკიცებულება მოიპოვეს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ახალგაზრდა დედამ შვილი გაურკვეველი საგნით სცემა და მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ნაგავსაყრელზე გადააგდო“, - თქვა ჩატემის რაიონის პოლიციის უფროსმა ჯეფ ჰედლიმ პრესკონფერენციაზე.
საიმონის დედა, ბილი ჰოუელი, სასამართლო პროცესს არ დასწრებია. თუმცა, მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მისი შვილისადმი გამოტანილ განაჩენს არ აპროტესტებს.
0
0