20/01/2025
16:36
საზოგადოება
შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ანდრო ჭიჭინაძეს რუსულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
როგორც ის აცხადებს, თავად ჭიჭინაძის გადასაწყვეტია, რაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მდინარაძე რიტორიკულ კითხვას სვამს: „რაშია საქმე, როდესაც ანდრო ჭიჭინაძე ამბობს, რომ ყველაფერი რუსული ეზიზღება“.
„ანდრო ჭიჭინაძე კარგი მსახიობია, სხვათა შორის. მას თავისუფლად შეუძლია, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ამერიკულ... ყველანაირ კლიპში მიიღოს მონაწილეობა თავისი შეხედულებისამებრ. მაგრამ ეს დისკუსიის საგანი როდის ხდება ხოლმე იცით? - შენ თითქოს ყველაფერი რუსული გეზიზღება, მაგრამ, მისი დეიდაშვილი ლაკა ხოშტარიასი არ იყოს, რუსეთისგან ფინანსდები. ანდრო ჭიჭინაძისთვის არავის მიუთითებია, რატომ იღებ რუსულ კლიპში მონაწილეობასო. მისი საქმეა, მაგრამ თუ ყველაფერი რუსული ასე ეზიზღება ამ კაცს, მაშინ რაშია საქმე? პატიმარია, მეტი არაფერი არ თქვათ ამ კაცზე. ვთქვათ ისიც, რომ კარგი მსახიობია, ბევრს უყვარს, როგორც მსახიობი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც. ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა - საქართველოა, თბილისია. ვთქვი - შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო მამუკა მდინარაძე კი არა. თუნდაც სიტყვის მასალად ან მის გარეშე, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ. როგორც დღეს ორმა ადამიანმა (ეს თავდებობით არ მომხდარა), მათ შორის ოკრიბელაშვილმა, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან. ეს არის ცივილიზებულ სამყაროში ნებისმიერი ქვეყნის დამოკიდებულება პატიმრის, მსჯავრდადებულის თუ ბრალდებულის მიმართ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მეორე მხარე აქვს ამ ამბავს - ლაკა ხოშტარიას რომ ეტრფი პოლიტიკური გაგებით და იცი, რომ მილიონებს იღებს რუსების ფედერალური ბიუჯეტიდან, იჯერებ იმას, რომ ეს არის სამკვიდრო თანხა და არა "კაგებეს" თუ "ფეესმეს" ლეგენდა, უკვე პრობლემები გაქვს იქაც კი, სადაც თქვენი ველი გგონიათ, ანუ აღქმაშიც. ფაქტი ხომ არაა შენკენ, აღქმაც კი არაა, იქაც პრობლემები გაქვს. ომის შემდეგ ადამიანები ჩადიოდნენ რუსეთში, უმღეროდნენ პუტინს, მერე გაგიჟდნენ, გამწარდნენ, როდესაც უკრაინაში შევარდა პუტინი. საქართველოში რომ შემოვარდა, არ იყო საკმარისი შენთვის და სანამ უკრაინაში არ შევარდა, მანამდე არ გეზიზღებოდა პუტინი, ახლა შეგზიზღდა? ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მხილების ფაქტობრივი გარემოებები “,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0