03/09/2024
17:05
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრამა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა აფხაზეთის დაფინანსება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეაჩერა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.
შამბას თქმით, მოსკოვში, მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“.
„1 სექტემბრიდან სანქციების განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის ნაკადი, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასებით უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა შამბამ ბრიფინგზე.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე. შამბამ აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მოქმედი სანქციაა.
„იცით, ის ყოველთვის გამოიყენება. რატომ წავიდეთ შორს, როცა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგს რუსეთის მიმართ მტრულად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ“, - განაცხადა მან.
0
0