20/09/2021
12:44
პოლიტიკა
არის გარკვეული ტექსტები, მონათხრობები, რომლის სინამდვილესაც ჩვენ ინდივიდუალურ დონეზე ვერ გავარკვევთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სავარაუდოდ სუს-იდან გავრცელებული ჩანაწერების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, რომელმაც ეს საკითხები უნდა გაარკვიოს. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი დანარჩენი იქნება სპეკულაცია, ვინაიდან არავინ იცის რა არის ტყუილი და მართალი.
„ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ რუსული პროპაგანდის მთელი იდეა არის ზღვარის წაშლა სიცრუესა და სინამდვილეს შორის. ჩვენ ვიმყოფებით რუსული პროპაგანდისტული ხრიკის ეპიცენტრში, როდესაც ყოველდღე რაღაც ტექსტებს გვთავაზობენ და ჩვენ ვერ ვხვდებით, რა არის სიმართლე და რა არა. ეს საზოგადოების დაბნეულობას იწვევს და მათი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. მათ სურთ, რომ საზოგადოებას დააბნიონ, შეიტანონ შფოთი, გააღვივონ უნდობლობა ყველაფრის და ყველას მიმართ, ამ ქვეყანაში არაფერი დატოვონ წმინდა - არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ადამიანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0