05/09/2024
17:27
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური გადასახადების შეჩერება არ ნიშნავს გამწვავებას. „ჩვენ ვსაუბრობთ იმ ვალდებულებების ბალანსის შენარჩუნებაზე, რომლებიც აიღეს ორი ქვეყნის მთავრობებმა“ - განაცხადა ლავროვმა.
„ამას გამწვავებას არ დავარქმევ. ეს არის მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებული იყო პრეზიდენტების მიერ და დამტკიცებული ორი ქვეყნის მთავრობების მიერ. და ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულია კიდეც ორივე პარლამენტში, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ვალდებულებები. საუბარია უბრალოდ ამ ვალდებულებებს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე და ეს კარგად ესმით ჩვენს აფხაზ მეგობრებს“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში, როცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს სერგეი შამბას თანამდებობაზე დაბრუნება მიულოცა, შესთავაზა ნებისმიერ ხელსაყრელ დროს რუსეთს ეწვიოს.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში და კვირებში შევძლებთ მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას. და, რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა უწყებები და მათი კოლეგები სოხუმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. თუმცა, მთავარი, კიდევ ერთხელ, არის ყველა იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული და დამტკიცებულია პრეზიდენტების მიერ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ლავროვმა, სავარაუდოდ, გამოიყენა ტოპონიმი „სოხუმი“, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება და მედია 2008 წლის შემდეგ არ იყენებდნენ.
0
0