02/10/2024
19:43
კონფლიქტები
4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცალკე და ერთობლივ მოლაპარაკებებს გამართავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი შამბასთვის ეს იქნება პირველი სამუშაო ვიზიტი რუსეთში აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად 2024 წლის აგვისტოში ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ“ - განაცხადა მან ბრიფინგზე.
ზახაროვამ დასძინა, რომ მხარეები განიხილავენ "რუსეთ-აფხაზური და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხებსა და პრობლემებს".
„სამმხრივ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ისევე როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, აქცენტი კეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“ - დასძინა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ ლავროვმა მანამდე მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს საქართველოს „მეზობლებთან“ - ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შერიგების საკითხში.
0
0