03/10/2023
16:27
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს“ ინალ არძინბას შეხვდა.
ლავროვმა აფხაზ „ლიდერებს“ მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 და ქართულ-აფხაზურ ომში „გამარჯვების“ 30 წლისთავი მიულოცა.
„კიდევ ერთხელ მინდა დავამტკიცო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ენერგეტიკის განვითარებასა და საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთქმედების კუთხით. ჩვენ გავაფართოვებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ლავროვმა და მიესალმა ბჟანიას.
„იმედი მაქვს, რომ ეს დახმარება ნამდვილად შეუწყობს ხელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმერ პუტინის გამოსვლებში ასახული შედეგის მიღწევას", - დასძინა ლავროვმა.
ბჟანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ურთიერთობები აფხაზეთსა და რუსეთს შორის „დინამიკურად ვითარდება“. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ ახლახან გაფორმებული შეთანხმებისთვის.
„ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მიმართულებით რამდენიმე წელია ვმუშაობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებისთვის. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენმა მოქალაქეებმა დოკუმენტი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს“, - განაცხადა ბჟანიამ.
აფხაზეთის დეფაქტოლიდერმა „ხაზგასმით აღნიშნა აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და ხალხის ერთგულება იმ ინტეგრაციის პროცესებისადმი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინიციატივით მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
„ჩვენ გვინდა ამაში მონაწილეობა და ეს შეესაბამება აფხაზეთის მოქალაქეების ფუნდამენტურ ინტერესებს“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024