13/12/2022
18:10
სამართალი
ხულოს მუნიციპალიტეტში გაუპატიურების, გამოძალვისა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვება/გავრცელების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
როგორც ცნობილია, 25 წლამდე მამაკაცებმა თანასოფლელ ქალთან სექსუალური კავშირის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გადაიღეს, შემდეგ კი გავრცელება დაიწყეს. ისინი ქალს აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ.
თანასოფლელების თქმით, ქალი ამბობდა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენებისა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე 2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სსკ-157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების გარეშე დაკავებული იქნენ - ბ. გ. და ა. ხ. 2022 წლის 30 ნოემბერს ა. ხ.-ს და ბ.გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით , სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარედგინათ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ბრალდებულებს ბ. გ.-ს და ა. ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - აცხადებს საგამოძიებო.
0
0