15/02/2024
15:14
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა.
სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტანდარტული ფორმებთან მიმართებით მოიცავს პროფილური და არაპროფილური მომხმარებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ფორმებს, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების ფორმას, მიწოდების წერტილზე წყლით სარგებლობისა და მიწოდების განრიგზე წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ შეთანხმების ფორმასა და არაპროფილური მომხმარებლის საწარმოო დანიშნულებით წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების სტანდარტულ ხელშეკრულებას. ასევე, ცალკე გადაწყვეტილებით დამტკიცდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა.
სემეკმა ირიგაციის სექტორის რეგულირება 2023 წლიდან დაიწყო. კომისიამ დაამტკიცა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“, რომელიც სრულად ამოქმედდა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან. წესები არეგულირებს საირიგაციო წყლის პირველად წყალმოსარგებლესა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს, სხვადასხვა ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხს. წესების მიზანია საირიგაციო სისტემის განვითარება და წყალმომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე წესების გარდა სემეკი ამტკიცებს საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, ხოლო რაც შეეხება ქვითარს, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე მიმწოდებელმა საირიგაციო მომსახურების საფასურის გადახდა შეიძლება მოსთხოვოს მომხმარებელს, ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
0
0