06/11/2024
22:13
პოლიტიკა
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ გაიაზროს, რა დრამატული არჩევანის წინაშე დგას ამ მომენტში, განიხილავს იმას, ერთმა ლიდერმა რა თქვა, მეორემ რა უპასუხა, ჭორაობის რეჟიმშია გადასული და ამ ჭორაობის დასასრული არის ის, რომ ჩვენს შვილებს ჩააცმევენ ჩექმას, ფარაჯას და გაუშვებენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ძალიან ნათელი ტაქტიკა და წინ საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლაა, რომელიც მხოლოდ თბილისს არ მოიცავს.
“რა თქმა უნდა, კულმინაციური მომენტი იქნება პარლამენტის შეკრება, მაგრამ ეს კულმინაციები და პიკები იქნება სხვადასხვა - ან იმ დღესვე, ან სხვა დღეს. მთავარი თემა არის, მოხდება თუ არ მოხდება საქართველოსგან საქართველოს სსრ-ს ჩამოყალიბება. ამ ნაწილში საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი იქნება ემოციურად სხვადასხვა რეჟიმში - ხან იქნება აღტაცებული, ხან იქნება იმედგაცრუებული.
ტაქტიკურად სხვადასხვა ვერსიები იხილება, თუმცა, ოპოზიციამ ჩამოაყალიბა ძალიან ნათელი ტაქტიკა, ეს არის ერთკვირიანი რეჟიმის ტაქტიკა, რომელშიც ორშაბათობით არის დიდი აქცია, კვირის სხვა დღეებში მიმდინარეობს მუხტის შენარჩუნება სხვადასხვა ტიპის აქციებით ქუჩებში. ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა. ხანგრძლივ ბრძოლაში, მთავარია, არ დაღალო მხარდამჭერები. არ უნდა მოხდეს ტემპერატურის ყოველდღიური აწევა, მნიშვნელოვანია დინამიკის შენარჩუნება. აქციები ასევე იქნება სხვა ქალაქებშიც”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, მარგველაშვილის თქმით, რთულია სხვადასხვა პარტიას შორის ერთიანი სტრატეგიით მუშაობა, თუმცა ოპოზიციონერმა ლიდერებმა დღეს ეს შეძლეს.
მარგველაშვილი ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიციის მიმართ უნდობლობა ნიშნავს რუსეთის იმპერიის ნაწილად ყოფნას.
0
0