05/11/2024
17:02
პოლიტიკა
“მძიმე მოსასმენი იყო მისი განმარტება, რომელიც რასაკვირველია, შეიცავდა გარკვეულ პოლიტიკურ ნიშნებს, უფრო სწორედ, ჩვენ სახეზე გვყავდა არა ნეიტრალური და ობიექტური მოსამართლე, არამედ დაინტერესებული მხარე.” - ამის შესახებ იურისტმა, ირმა ჭკადუამ რადიო “სივრცის” პირდაპირ ეთერში გადაცემა “შუადღის სივრცეში" განაცხადა, რითაც ის გუშინ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
„ვცდილობ ხოლმე, რომ თავს არ დავესხა სასამართლოს და შევეცდები, რომ თვითონ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნაკლები ვისაუბრო. თუკი სასამართლომ მიიჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება იმდაგვარი, როგორიც მიიღო, მაგრამ აქ უფრო მძიმე მოსასმენი იყო მისი განმარტება, რომელიც, რასაკვირველია, შეიცავდა გარკვეულ პოლიტიკურ ნიშნებს. უფრო სწორად, ჩვენ სახეზე გვყავდა არა ნეიტრალური და ობიექტური მოსამართლე, არამედ დაინტერესებული მხარე. პრაქტიკულად, ჩვენ სასამართლოს გუშინდელ ქმედებაში ვხედავდით, როგორ იღებდა მონაწილეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ, როგორ აკეთებდა განმარტებებს, რომ, პრაქტიკულად, წინასწარ გამოთქვამდა აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით - ხან ერთს ამბობდა, ხან მეორეს. თუმცა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ, რა თქმა უნდა, სასამართლოს აქვს განმარტების გაკეთების უფლება, მაგრამ მისი განმარტებები არ უნდა იყოს დაფუძნებული პოლიტიკურ ინტერესებზე, არამედ მან აუცილებლად უნდა დაასაბუთოს, თითქოს, შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი არგუმენტების საფუძველზე. მთავარი არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, არამედ ის, რომ მოსამართლე იყო მხარე. მოსამართლეებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ მანიფესტაციებში, აქციებში და ა.შ. მოსამართლე არის იმისთვის, რომ ობიექტურად, მხოლოდ და მხოლოდ, მტკიცებულებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ის არც კი შეეცადა, დაეფარა, ან რაიმე ფორმით შეენიღბა საკუთარი განწყობა - ამ მოსამართლემ დაარღვია სამოსამართლო ეთიკა“ - განაცხადა ჭკადუამ.
0
0