31/05/2024
13:49
ეკონომიკა
სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მშენებლობას და სხვა აქტივებთან ერთად ჯამურად შევა 51%-იან წილში, - განაცხადა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „იმედის დილის“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში".
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის ორნაწილიანი და სახელმწიფო საზღვაო ნაწილის აშენებას უზრუნველყოფს.
„საზღვაო ნაწილს სახელმწიფო აშენებს თავისივე დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით და აქაც უკვე გავდივართ ფინალში, გვყავს პრეტენდენტები, რომელთა შერჩევისა და დაზუსტების პროცედურა ახლა მიდის. უახლოეს პერიოდში იქნება აქაც გამარჯვებული გამოვლენილი. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მშენებლობას და სხვა აქტივებთან ერთად ჯამურად შევა 51%-იან წილში“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
მისი განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხის დაზუსტების სამუშაოები.
„49%-იანი მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, შეიძლება, შემოვიდეს მენეჯმენტშიც, მაგრამ იქნება შესაბამისი აქტივის მფლობელი და შესაბამისი უფლებების განხორციელება შეეძლება საოპერაციო კუთხითაც. რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, რომელიც გაჟღერდა ამ დღეებში, ახლა არის დაზუსტების ეტაპი და უახლოეს დღეებში გამოიკვეთება საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც ვაცნობებთ საზოგადოებას. სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად წარმოდგენილია წინადადება-განაცხადი პრეტენდენტის მიერ. კონსულტანტთან ერთად ხდება ამ დოკუმენტაციის შესწავლა და ეტაპზე გადასვლისთვის და გამარჯვებულად გამოცხადებამდე ზუსტდება საკითხები. ხდება უკუკავშირი პრეტენდენტსა და სატენდერო კომისიას შორის“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
მან შუა დერეფნის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნულ პროექტში საავტომობილო გადაზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„შუა დერეფანს ახალი აქტორი საავტომობილო ტრანსპორტის სახით ასევე დაემატა - პირველი ორგანიზებული საპილოტე გზავნილი გამოიგზავნა საქართველოს დანიშნულებით იმპორტის სახით, ამის ორგანიზაცია გააკეთა ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილიც მინიმალურად მოკლე ვადებში მოხვდა საქართველოში, 12 დღეში ჩამოვიდა თბილისში. შემდგომი გზავნილი იგეგმება უკვე საქართველოს გავლით, თურქეთის დანიშნულებით და ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით, შუა დერეფანი დაიწყებს პოზიციონირებას გლობალური მოწოდების ჯაჭვში საავტომობილო ტრანსპორტის სახითაც“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
0
0