26/11/2024
15:02
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, საქმეში არსებობს ბრალდებულის მხრიდან ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. მისივე თქმით, გიგაურის ქმედებით პოლიციელმა დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო.
დაცვის მხარის განმარტებით კი, ბრალდებული თავად არის პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და გიგაურის ქმედება თავდაცვის ფარგლებში ჯდება.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0