02/07/2024
15:54
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დახურულიყო.
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა სრულად დახურა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.
პროკურატურა მათ კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.
ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.
0
0