15/09/2024
20:19
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ კომუნიკაციების კომისიის მიმართვის საფუძველზე „TV პირველი“ 5 000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია ტელეარხის ეთერიდან „ქართული ოცნების“ იმ საარჩევნო კლიპის ამოღება, რომელშიც ჩანან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმის მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.
ვიდეორგოლის მეორე ნაწილში ჩნდება პოლიტიკოსების ფოტოები, მათ შორის ჩანს გიორგი გახარია, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, წლების განმავლობაში მინისტრისა და პრემიერის თანამდებობებს იკავებდა - ამ ფოტოსურათების გამოჩენის დროს კლიპში ისმის: „უთხარი არა ბნელ წარსულს და აირჩიე საქართველოს ნათელი და ევროპული მომავალი“.
კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოსთვის მიმართვამდე პარტია „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე „TV პირველის“ მიმართ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი. კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. „საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეორგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ“, - წერია დოკუმენტში.
„TV პირველის“ მთავარმა პროდიუსერმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ვიდეოკლიპის ეთერიდან ამოიღეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თხოვნით, რომლებიც ამ კლიპში ჩანდნენ.
„მათ ეს კლიპი აღიქვეს მათთვის საფრთხის შემცველად, ჩვენც რეალისტურად შევაფასეთ მათი არგუმენტები. მივიჩნიეთ, რომ სიძულვილს აღვივებდა და ამოვიღე. ამ გადაწყვეტილებით კომისია გვავალებს ეთერში გავუშვათ კლიპი მათ შესახებ, ვინც არ მონაწილეობენ ამ არჩევნებში“, - თქვა ნოდარ მელაძემ.
სასამართლო პროცესის შემდეგ ტელევიზიის ადვოკატმა დაჯარიმება ტელეკომპანიაზე ზეწოლად შეაფასა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ნება, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ [კომუნიკაციების კომისიაში] თავისი საჩივრების შემოტანის მომენტში. სასამართლომ დაადასტურა მარეგულირებელი კომისიის განზრახვა, რომ ტელეკომპანია „პირველსა“ და სხვა ტელეკომპანიებზე ჰქონდეს ზეწოლა და ფინანსური სანქციები“, - აღნიშნა თორნიკე მიგინეიშვილმა, რომელიც სასამართლოში ტელეარხის ინტერესებს იცავს. მისი აზრით, სასამართლომ სიძულვილის ენა წააქეზა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ." - ამბობს ადვოკატი
ტელეკომპანია გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
ანალოგიურ საქმეზე სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა „მთავარი არხი“. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი აქვს ტელეკომპანია „ფორმულის“ მიმართაც.
0
0