05/10/2024
14:22
სპორტი
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კირილ კოვალჩუკმა გამოცემა Zbirna-სთან ინტერვიუში ეროვნული გუნდის ძირითადი პრობლემები და სირთულეები გააანალიზა და განმარტა, თუ რას ელის ოქტომბერში საქართველოსთან (11 ოქტომბერი) და ჩეხეთთან (14 ოქტომბერი) ერთა ლიგის მატჩებში.
„ომის დაწყების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა უკუსვლა დაიწყო. ადრე, როცა საქართველოს, მოლდოვას, სომხეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ყოველთვის მშვიდად ვიყავით, ახლა კი წარმოიდგინეთ, საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოსთან მატჩის გვეშინია და ეს გუნდი ჩვენთან ფავორიტია.
არც ვიცით, მისგან რას უნდა ველოდოთ. ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები ახლა აღმავლობის გზაზეა. მას ჰყავს კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი. ამჟამად საგრძნობლად გაიზარდა ისეთი გუნდების დონე, როგორიც არის ალბანეთი ან საქართველო. ამაზე ბევრი ფეხბურთელი საუბრობს. ახლა მათი დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ უკრაინის ნაკრებმა „თამასა“ არ უნდა დაუშვას.
ამავე დროს, ჩვენ ვუსმენთ ექსპერტებს, რომლებიც ერთხმად გვეუბნებიან, რომ უკრაინა ფავორიტია! ეს გვესმოდა ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთთან და სლოვაკეთთან მატჩებამდე, მაგრამ რატომღაც უკეთ არ გამოვიყურებოდით. დიახ, მოთამაშეების პოტენციალი არის, მაგრამ მოედანზე ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. ახლაც ალბანეთთან და ჩეხეთთან წავაგეთ. თუმცა, ერთა ლიგაზე წინ კიდევ 4 თამაშია და ქულების მაქსიმუმის დაგროვება შეგვიძლია.
ახლა უკრაინის ნაკრებში ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ფლანგის მცველებია. ისინი წარუმატებლად მოქმედებენ და შეტევაშიც ვერაფერს ახერხებენ. თანამედროვე ფეხბურთში კი მცველი დიდი ძალაა. სწორედ აქ ვხედავ ჩვენი გუნდის დიდ პრობლემას.
ყველა მოლოდინშია, რომ გუნდის ლიდერი მუდრიკი გახდება, მაგრამ ჯერ ასე არ ხდება. როგორც ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ვიტყვი, რომ ამ რგოლში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, შეტევაში კი სუსტები ვართ და გოლს ვერავის ვიტანთ. თუმცა, ვიმეორებ, ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა ფლანგის მცველებია“, – განაცხადა უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
0
0