10/10/2024
18:08
სპორტი
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ანდრეი იარმოლენკოს არყოფნას რაც შეეხება, ის არ იყო ნაკრებში ძირითად სიაში. ჩვენ ერთა ლიგას ვუყურებთ როგორც ტურნირს, სადაც შეგვიძლია ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ და ნაკრების კანდიდატებს დავაკვირდეთ. ანდრეის ველაპარაკე, ავუხსენი სიტუაცია, რომ შანსი ახალგაზრდებსაც უნდა მივცეთ და არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მისთვის არაფერი ამიხსნია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენცია. ვცდილობთ, ახალი ფეხბურთელები ვიპოვოთ, თითო პოზიციაზე მინიმუმ ორი მოთამაშე გვჭირდება. ყველა გამოძახებული ნაკრებში შანსს იმსახურებს. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს არა მხოლოდ ვარჯიშებზე, არამედ მატჩებშიც.
ჯგუფში არსებულ ვითარებას რაც შეეხება – ორი მატჩი წავაგეთ და ფეხბურთელებს ესმით, რომ შედეგი გვჭირდება. ერთა ლიგამდე მხოლოდ ტესტმატჩები გვქონდა და მწვრთნელებისთვის კანდიდატების გამოცდა უფრო ადვილი იყო, ახლა კი ოფიციალური მატჩებია და ყველას ესმის მათი მნიშვნელობა. ჩემთვის ერთა ლიგა უფრო მეტად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დარჩენილ მატჩებში შედეგს ყურადღებას არ მივაქცევთ. ერთა ლიგიდანაც შეგვიძლია მოვხვდეთ პლეი ოფში, ეს კიდევ ერთი შანსია.
ყველას გვესმის, როგორ ვითარებაში ვართ – ორი თამაში წავაგეთ და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ვართ, ამიტომ საქართველოსთან თამაშის მოგებას ვეცდებით“, – აღნიშნა რებროვმა პრესკონფერენციაზე.
ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა. უკრაინა-საქართველოს მატჩი პარასკევს, 11 ოქტომბერს პოზნანში გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0