12/04/2024
12:43
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ხორბლის წარმოებამ 146.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 26.9 პროცენტით შემცირდა და 43.0 ათასი ტონა შეადგინა.
საქსტატის ცნობით, სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 24.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 0.4 პროცენტით გაიზარდა და 199.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.2 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ხორბლის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.6 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.2 ტონა/ ჰა, სიმინდის – 2.6 ტონა/ჰა, კარტოფილის – 12.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 14.2 ტონა/ჰა, კიტრის 12.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.9 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 25.8 ტონა ერთ ჰექტარზე.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და შეადგინა 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში წარმოებულია 61.1 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 32.0 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 59.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია), 45.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (5.0 პროცენტით მეტია), 18.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (2.8 პროცენტით მეტია), 71.8 ათასი ტონა ციტრუსი (35.2 პროცენტით მეტია). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2023 წელს წარმოებულია 223.4 ათასი ტონა ყურძენი, რაც 22.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
0
0