18/08/2023
15:10
ეკონომიკა
საქართველოში საწვავზე დღეს არსებული ფასი მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან თავსებადია, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა ფაქტორებზე, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასს განსაზღვრავს.
„ბენზინის ფასის ზრდის ტემპი საქართველოში ფიქსირდება მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. ამის პარალელურად, შემცირების ტრენდი აქვს დიზელის ტიპის საწვავს. ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე საწვავის ბაზარზე ვითარება სტაბილურია. მაისი-აგვისტოს პერიოდი რომ ავიღოთ, „რეგულარის“ ტიპის საწვავი დაახლოებით 15-20%-ით არის გაძვირებული, რაც დაახლოებით 30-44 თეთრია. გაძვირების ეს ტრენდი სრულიად თავსებადია ამ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან. კერძოდ, თუ ვნახავთ ნავთობის ფასის დინამიკას, ამავე პერიოდში დაახლოებით 15%-ით არის ნავთობზე ფასი გაზრდილი. ეს უკავშირდება რამდენიმე გლობალურ საკითხს, მათ შორის OPEC+-ის გადაწყვეტილებებს ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე ჩინეთში საწვავზე მოთხოვნის ზრდას და რეგიონში არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას. ეს არის ფაქტორები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასს განსაზღვრავს. დღეს არსებული ფასების დინამიკა სრულიად თავსებადია მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
0
0