18/11/2024
22:48
პოლიტიკა
ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს.
„გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს. ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს. საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მიიწვევს, რათა მან წევრ ქვეყნებს დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარუდგინოს.
„ქართველ ხალხს, მინდა გავიმეორო ის, რაც შარშან ვთქვი საქართველოში ვიზიტის დროს: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი როცა საქმე კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
0
0