05/12/2023
11:50
კონფლიქტები
საქართველოში გაუჩინარებული აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი ტაგილის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს, მას ტერორიზმში ედება ბრალი - ადვოკატებზე და უფლებადამცველებზე დაყრდნობით ამის შესახებ „პირველი განყოფილება“ იუწყება.
„შეპელევი რუსეთის უშიშროების ძალების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. თბილისიდან ცხინვალის რეგიონში მოტყუებით გადაიყვანეს, იქ კი დააკავეს. შემდეგ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, შეურჩიეს აღკვეთის ღონისძიება, შემდეგ კი წინასწარი გამოძიების ადგილზე გაგზავნეს. მთელი პროცესაი თვენახევარი გაგრძელდა“ - ნათქვამია შეტყობინებაში.
უფლებადამცველების თქმით, აქტივისტი ნიჟნი ტაგილში გასულ კვირას ჩავიდა. შეპელევს ბრალად ედება „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილი) - 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და „ტერორიზმის გამართლება“ (205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) - 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
12 ოქტომბერს თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, რაფაილ შეპელევი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა. 13 ოქტომბერს, გაუჩინარების მეორე დღეს, ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ ცნო "წვრილმან ხულიგნობაში" - ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გამოჩნდა. სასჯელის სახით, მამაკაცს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გათავისუფლების შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს და ტერორისტულ დანაშაულში ედავებოდნენ. აქტივისტის დოკუმენტები, მათ შორის საერთაშორისო პასპორტი, საქართველოში დარჩა.
სამხრეთ კავკასიის ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ იტყობინება, რომ რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაციის „არტპოდგოტოვკას“ აქტივისტი, რაფაილ შეპელევი, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალში დააკავეს.
შეპელევის შესაძლო გაუჩინარების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ გულისხმობს. ამის შემდეგ საქართველოს შსს-მ განაცხადა: „შემოწმდა ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შიდა ქართლში საცხოვრებელი ადგილიდან, კერძოდ ქალაქ გორში გაემგზავრა, საიდანაც ტაქსით წავიდა სოფელ კირბალში. გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ აღნიშნულმა პირმა ნებაყოფლობით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი“.
რაფაილ შეპელევი ცნობილია ეკატერინბურგის ოპოზიციის მიტინგებში აქტიური მონაწილეობით. ის ესწრებოდა ქუჩის აქციებს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად და ომის საწინააღმდეგო აქციებს. საქართველოში აქტივისტი ასევე მონაწილეობდა ომის საწინააღმდეგო აქციებში, ასევე გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და სასამართლოს პიკეტირება მოახდინა.
0
0