08/09/2023
11:44
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 168.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი – 71.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 62.7 მლნ. აშშ დოლარით. ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78.0 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, 2023 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი – 137.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35.6 მლნ. აშშ დოლარით.
0
0