17/05/2023
14:54
ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმებას.
ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს -„საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ. ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს და ასევე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს.
აღნიშნული შეთანხმება გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას და ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას. აღსანიშნავია, რომ ვალიდაციით იზრდება საქართველოს EPO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა.
დღეისათვის, საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია ორი გზით: განაცხადის პირდაპირ საქპატენტში წარდგენით და საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში საქართველოში წარდგენის საშუალებით. ვალიდაცია შესაძლებელს გახდის საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე გზას, უფრო სწრაფს და იაფს − ევროპული საპატენტო განაცხადის საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნით. აღნიშნული უცხოელ განმცხადებელს გაუმარტივებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას ევროპული სტანდარტით, რაც პოზიტიური სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის.
ინფორმაციას საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
0
0