15/11/2022
10:58
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია და აღკვეთილია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.
„იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა.
საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.
დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი.
კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა.
პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების – ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“, – აცხადებენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში.
საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024