27/09/2022
19:07
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელს ალიანსის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც რეგიონში მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით.
ამ მიმართულებით, ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული როლი. ასევე, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024