15/10/2024
19:54
სპორტი
სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა – 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა.
სამეული ასე დაკომპლექტდა:
1. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“)
2. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
3. გიორგი მიქაუტაძე („მეცი“/„ლიონი“)
გიორგიმ 2023-24 წლების სეზონში „ვალენსიის“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრა ჩაატარა, ერთი მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის „მშრალად“ შენახვა და რამდენიმე ვერსიით, ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
მამარდაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლიდან გამოდის. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში, საბერძნეთთან პენალტების სერიაში მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის, ანასტასიოს ბაკასეტასის დარტყმული პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.
გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზეც მაღალ დონეზე ითამაშა. რამდენიმე გამოცემამ და ანალიტიკურმა ვებგვერდმა ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარა. შედეგად, transfermarkt-მა ქართველი მეკარის შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა.
გაზეთი „სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 1993 წლიდან ასახელებს. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალიასტებს შორის ტარდება. წელს გამოკითხვაში რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.
წლევანდელი გამოკითხვა 2023 წლის აგვისტოდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
0
0