16/01/2024
15:18
მედიცინა
პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში, კლინიკას სერტიფიცირებული რობოტული ქირურგების გუნდი და სერვის-ინჟინერი ჰყავს. ინფორმაციას კლინიკა MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ავრცელებს, რომელიც ჯანდაცვის ასოციაციის წევრია.
გუნდი ატარებს ისეთ რთულ რობოტულ ქირურგიულ ჩარევებს, როგორიცაა რადიკალური ცისტექტომია, ლიმფადენექტომია, რადიკალური ნეფრექტომია, თირკმლის რეზექცია, შარდსაწვეთის რეიმპლანტაცია, მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა.
რობოტული ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია, რომელიც მინიმალურ ჩარევებს ითვალისწინებს.
იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში რობოტული ქირურგიის განვითარებას, რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარემ რემა ღვამიჩავამ ისაუბრა.
მისი თქმით, რობოტული ქირურგია არის 21-ე და 22-ე საუკუნის ქირურგია და საქართველო ამ მეთოდის დანერგვაში ფეხდაფეხ მიგყვება ამერიკულ და ევროპულ მედიცინას.
„რობოტული ქირურგიის მეთოდი გულისხმობს მინიმალურ ინვაზიას ანუ მინიმალური ჭრილობით ოპერაციების გაკეთებას მაქსიმალური ეფექტიანობით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლაპაროსკოპიული ქირურგია, ასევე არის სხვა სისტემები და ეს ტექნოლოგიები ყოველდღიურად უმჯობესდება. სწორედ რობოტული ქირურგია იძლევა საშუალებას გაკეთდეს დიდი მასშტაბის ოპერაციებიმ ნიმალური ჩარევით. გარდა იმისა, რომ ეს ზრდის ოპერაციის სანდოობას, ასევე მკვეთრად ამცირებს ოპერაციის შემდგომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს, შესაბამისად, მცირდება დახარჯული თანხებიც. თუმცა არ უნდა იყოს გაგებული, რომ რობოტი ადამიანის გარეშე აკეთებს ოპერაციას. ოპერაციას მართავს ქირურგი, ესაა ინსტრუმენტი, რომელსაც მართავს ქირურგი. რობოტულ ქირურგიასაც აქვს ჩვენება და რიგ შემთხვევებში ესაა შეუცვლელი, მაგალითად მცირე მენჯის შემთხვევაში,“- აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.
მისი თქმით, საქართველოში ეს მეთოდი დანერგილია და ვითარდება და საქართველო ამ კუთხით მიყვება ამერიკის და ევროპის წამყვან სიახლეებს, რომლებიც რობოტული ქირურგიის სფეროში პიონერები არიან.
0
0