18/02/2022
12:08
სამართალი
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
„დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.
აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება განხორციელდა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 17 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.
გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც სხვადასხვა დროს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან დაკავებული, ევროჯასტის მიერ მაღალ დონეზეა შეფასებული.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.
საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს აღნიშნული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024