10/10/2024
22:20
სპორტი
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად პოზნანის „ენეა“ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე „კრაკოვიას“ ქართველი კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იმყოფებოდა. მან გუნდის მზადებასა და უკრაინისთან ერთა ლიგის მატჩზე ისაუბრა.
„სავარაუდოდ, სტადიონი სავსე იქნება. ამ ბოლო დროს რაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ისაა, რომ გასვლით თამაშებზე ბევრი ქართველი ქომაგი დადის. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვთამაშობთ, ყველგან უამრავი მხარდამჭერი გვყავს.
სწორედ ესაა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე. შევეცდებით, რომ დასახული მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ და ისინი სახლში ბედნიერები გავუშვათ.
როგორც იცით, პოზნანის სტადიონზე ბევრი თამაში მაქვს ჩატარებული. ახლაც, ფაქტობრივად, შეკრებაზე სახლიდან მოვედი და საამისოდ რამდენიმე საათი დამჭირდა. შემიძლია ვთქვა, რომ გარემო არც შემიცვლია და თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა კაკაბაძემ.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0