11/09/2024
15:59
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონმა, იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ლუკა ტონიმ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაზე და „ნაპოლის“ თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა, სამწუხაროდ, ცუდად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნირზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა, გუნდი ფინალურ ეტაპზეც წარმატებით გამოვიდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მინდა, ამის გამო საქართველოს ნაკრები შევაქო.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მან თავისი კლასი უკვე აჩვენა. ჩვენ ბედნიერება გვაქვს, რომ ის იტალიის სერია A-ში თამაშობს. კვარას შესახებ ყველაფერი ვიცით – ის მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან კარგი მოთამაშეა. ვუსურვებ, რომ საქართველოს ნაკრები მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლუკა ტონიმ.
იტალიელი ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება – იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბუცის“ მფლობელმა მათ გამოცდილება გაუზიარა და წარმატებები უსურვა.
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებთან, შოთა არველაძესთან, ლევან მჭედლიძესა და ჯანო ანანიძესთან ერთად პადელის ტურნირზე ითამაშებს. ტურნირის მხარდამჭერი საქართველოში იტალიის საელჩოა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024