17/06/2023
09:43
სპორტი
კვიპროსი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გუშინ, ადგილობრივი და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან საქართველოს ნაკრებს „მომავლის გუნდი“ უწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდისთვის. შედეგის შემდეგ გამოჩნდება, რისთვის იბრძოლებენ გუნდები. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენც ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ მატჩში წარმატების მისაღწევად“, განაცხადა ქეცბაიამ.
მისივე თქმით, დღევანდელ მატჩს არ ჰყავს ფავორიტი.
„ფავორიტები არ ვართ, არც ჩვენ და არც საქართველოს ნაკრები. ფავორიტები სხვები არიან, ისინი, ვისაც უკეთესი გუნდები ჰყავთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.
რა უნდა გავაკეთოთ ისმისთვის, რომ მოვიგოთ და ვის უნდა ვუფრთხოდეთ ყველაზე მეტად? საქართველოს ნაკრებს ბევრი ინდივიდუალირად კარგად მომზადებული მოთამაშე ჰყავს, ისეთები, ვისაც თამაშისს ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ და არ მივცეთ მათ ბევრი სივრცე. ვიმეორებ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და იმედი გავაქვს, მატჩში ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ მოსაგებად“, აღნიშნა კვიპროსის მწვრთნელმა.
მან ძველი და ამჟამინდელი საქართველოს ნაკრებების შედარებისას განაცხადა, რომ განსხვავება ძალიან დიდია.
„საქართველოს დღევანდელ ნაკრებში ბევრი მოთამაშეა, ვინც ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში და კლუბში თამაშობს და წამყვანი ფეხბურთელია, ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა. ჩემს დროს კი, უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ბევრი კლუბშიც კი არ ირიცხებოდა. საბედნიეროდ, ყოველთვის არის პერიოდები, როცა ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდებიან ხოლმე. ახლა ბევრია ასეთი და გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგებს, რასაც ქართველი ქომაგი ელის.
დღეს ვიცით მეტოქე გუნდი, ვიცით რა რთული თამაში გველის და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა, პერსპექტიული, მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს. ყველანაირად ვეცდებით, არ მივცეთ სივრცე, რაც მას სახიფათო მომენტებისთვის სჭირდება. ვიმეორებ, საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და იმედია, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ უფრო უკეთეს შედეგებს დადებენ“, განაცხადა ქეცბაიამ.
კვიპროსისა და საქართველოს დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 2010-2014 წლებში წვრთნიდა.
0
0