06/11/2023
22:06
კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავების მცდელობისას საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევებსა და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოხატავს დაღუპულის ოჯახის მიმართ და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, ჩართულია კოორდინირებულ აქტიურ მუშაობაში, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირების, ასევე უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადაში უპირობოდ გათავისუფლების მიზნით“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024