21/09/2024
21:04
სპორტი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დროც 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.
ვარსკვლავების სანახავად ბევრი ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბა. მატჩის დაწყებამდე პარიზის პარალიმპიადის მონაწილეებმა მედლები წარადგინეს.
თავიდან ორივე გუნდი ფრთხილად მოქმედებდა, მერე კი თამაში გაიხსნა და მომენტებიც შეიქმნა. „მილანის“ მხრიდან აქტიური იყო რიკარდო კაკა, ხოლო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შეტევაში თავის გამოჩენას ალექსანდრე იაშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე ცდილობდნენ.
საქართველოს ნაკრების ლეგენდებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს. ალექსანდრე იაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გოლი ცვლილებაზე შესულმა გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თავდამსხმელმა მეკარე დიდა ეფექტური ფინტით ჩამოიშორა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა – 1:0
მეორე ტაიმში შემადგენლობა ორივე გუნდმა შეცვალა. თამაში დაბალ ტემპში მიდიოდა, მაგრამ პერიოდულად ფეხბურთელები გვახსენებდნენ, ახლო წარსულში რა დონეზე თამაშობდნენ. „მილანმა“ ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრა, კაფუს ფლანგური გადაცემა შესანიშნავი თავური დარტყმით მარკო ბორიელომ დააგვირგვინა.
67-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინ კიდევ ერთხელ გავიდა, გოლი ამჯერად დავით სირაძემ გაიტანა, რასაც მალევე „მილანის“ მხრიდან კლარენს ზეედორფის გოლი მოჰყვა, საგოლე გადაცემა რიკარდო კაკას ანგარიშზეა – 2:2.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ირაკლი კვირიკაშვილმა მატჩი 75-ე წუთზე დაასრულა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, სადაც უკეთესები „მილანელები“ იყვნენ და 3:1 გაიმარჯვეს.
0
0