06/11/2023
21:54
კონფლიქტები
უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!
დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!“, - წერს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024