03/07/2024
23:57
სპორტი
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებთან 80:89 დათმო.
წინა დღისით ლატვიელებმა საქართველოს ნაკრებს აჯობეს 28-ქულიანი სხვაობით (83:55) და ფილიპინებთანაც ფავორიტად ითვლებოდნენ, თუმცა კუნძულელებმა მაღალი ტემპი შესთავაზეს, თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
სხვათა შორის, ეს მათთვის ისტორიული გამარჯვება იყო – 1960 წლის შემდეგ პირველად მოიგეს ევროპულ ნაკრებთან.
ლატვიას რომ გაემარჯვა, ბოლო ტურში, 4 ივლისს, საქართველოს ჯგუფიდან გასასვლელად ფილიპინებთან მინიმალური სხვაობით მოგებაც ეყოფოდა, რადგან სამგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ორი გადის. ფილიპინების გამარჯვებამ კი „ჯვაროსნებს“ საქმე გაურთულა – ნახევარფინალში მხოლოდ იმ შემთხვევაში გავლენ, თუ ფილიპინებს 19 და მეტი ქულით მოუგებენ.
საქმე ის არის, რომ ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში სამივე გუნდს თითო მოგება დაუგროვდება. პლეი ოფში განსვლელი დუეტი კი ბურთების შეფარდებით გაირკვევა. ლატვიამ ჯგუფური ეტაპი უკვე დაასრულა და ქულათა სხვაობა +19 აქვს, ფილიპინებს +9, საქართველოს -28.
ჩვენმა გუნდმა 19 ქულით რომ გაიმარჯვოს, ფილიპინებს გადაასწრებს და ნახევარფინალში მეორე ადგილით გავა. საქართველოს -9 ექნება, ფილიპინებს -10.
გადამწყვეტი მატჩი 4 ივლისს 16:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
საქართველოს პირველი არხი
0
0