04/12/2023
19:55
სპორტი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დამაფიქრებელი ინციდენტის შესახებ, რაც წინ უძღოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ამასწინანდელ საანგარიშო ყრილობას. როგორც ირკვევა, ყრილობაზე მისული ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძე არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის. როგორც თვითონ ამბობს, როცა მან მოკრძალებით ითხოვა ყრილობაზე დასწრების უფლება, ჯერ ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, მერე კი გენერალურმა მდივანმა კარისკენ მიანიშნეს - აქ შენი ადგილი არ არის, ყრილობაზე არავის მოუწვევიხარო.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს.
ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომ კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამ შემთხვევაში, არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს), ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება). ამასთან ერთად, არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც გვავალდებულებს პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სახელს და ღირსებას.
მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს გამორჩეული ღვაწლი აქვს ქართულ სპორტში, კონკრეტულად კი – ჭიდაობაში;
მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავად ხელმძღვანელობდა ჭიდაობის ფედერაციას;
მით უმეტეს, თუ მისი დამსახურება ქართული სპორტის წინაშე შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა.
ჭიდაობის ფედერაცია, ისევე, როგორც ამ სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, არ გახლავთ რომელიმე კერძო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს კერძო ინტერესების შესაბამისად და აქვს შეზღუდული ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. პირიქით, ფედერაციის სტატუსისა და ქართული სპორტისთვის ჭიდაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა მოვალეა ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს გულშემატკივრებს, მათ შორის, ვეტერან ფალავნებს, იმ ხალხს, ვისი დამსახურებითაც ჭიდაობა ეროვნულ სპორტად იქცა საქართველოში. ჩვენ გვყავს მრავალი დიდი ჩემპიონი, რომელთა ცოდნა-გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია და გამოსაყენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილებულია ფედერაციის მმართველობასაც და სამწვრთნელო საქმიანობასაც.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების, ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია. ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში. სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში.
ვფიქრობთ, საერთო საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, ფედერაციას არა მხოლოდ ლუკა კურტანიძე, სხვა ვეტერანი მოჭიდავეები და სპორტის ხელმძღვანელი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მიეწვია ამ ყრილობაზე, რათა ერთად გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე – პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.
სეოკ-ი იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, მისი მმართველი ჯგუფი საღი გონებით შეაფასებს აქ გამოთქმულ ჩვენს გულწრფელ გულისტკივილს და თუ ასე მოხდება, ამ ჯგუფს დასკვნის გაკეთება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა გაუჭირდეს“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადებში.
0
0