13/04/2024
10:46
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და მსოფლიო ბანკის პროგნოზით კლებას შემდგომ წლებშიც განაგრძობს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ "საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით".
აღნიშნული ანგარიშისა და აგრეთვე მსოფლიო ბანკის სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში მკვეთრ კლებას მართლაც 2012 წლის შემდგომ პერიოდში განიცდის. იქამდე კი უკიდურესად მაღალ ნიშნულებზე უმწვავეს პრობლემად ფიქსირდება.
მაგალითად, 2004 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა, ანუ უკიდურეს სიღარიბეში იყო მოსახლეობის 12,37%, 2004-2012 წლებში უკიდურეს სიღარიბეში საშუალოდ იყო მოსახლეობის 12,78%, ანუ უფრო მეტი ვიდრე 2004 წელს. 2012 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა რჩებოდა მოსახლეობის თითქმის 11%. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2019 წელს განახევრდა, 2023 წლის შეფასებით კი არის 3,5%, ანუ 2012 წლის დონესთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 3,1%-ი დარჩება, რაც თითქმის სამნახევარჯერ ნაკლებია ვიდრე 2012-ში და 2-ჯერ დაბალი ვიდრე 2017 წელს. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2025 წელს საქართველოში უკიდურესი სიღარიბე 2,6%-მდე შემცირდება, 2026 წელს კი 2,2%-ს გაუტოლდება, რაც შესაბამისად 2021-2022 წლებთან შედარებით, ანუ 5-წლიანი პერსპექტივით სიღარიბის ამ მაჩვენებლის განახევრებას ნიშნავს.
0
0