06/04/2022
14:39
ეკონომიკა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლებს. 6-8 აპრილს, საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
საქართველოს მისიით ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის და 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვევა. დელეგაციის წევრები სამი დღის განმავლობაში გამართავენ B2B შეხვედრებს ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
7 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმროში Wyndham Grand Tbilisi ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გაიმართება, რომელსაც QazTrade-ის გენერალური დირექტორი, აზამატ ასკარული გახსნის. შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი.
ღონისძების ფარგლებში, ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის გაფორმდება ოფიციალური მემორანდუმები და საექსპორტო ხელშეკრულებები. დასასრულს, გაიმართება B2B სესია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყაზახური პროდუქციით დაინტერესებული ქართული კომპანიები.
ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების გზით. საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისია ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის ორგანიზებითა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით ხორციელდება.
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ.
ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.
0
0