08/10/2024
21:06
არჩევნები 2024
საქართველო მზად არ არის თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველო დაშორდა ევროკავშირს და გაზარდა რუსეთის პირდაპირი გავლენა გადაწყვეტილებებზე, თუმცა ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსთვის ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის, შეცვალოს კურსი.
“როდესაც საქართველოს ვეწვიე, რომელიც რუსული შემოჭრის პირობებში იყო 2008 წლის აგვისტოში და ცარიელ ქალაქ გორში გავიარე, საქართველოდან რუსული ჯარების სწრაფად გასვლისა და ევროპაში საქართველოს ნათელი მომავლის იმედი მქონდა.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს საქართველოს ნაწილის ოკუპაციას და საქართველო ამჟამად ევროკავშირს შორდება. მაგრამ საქართველოში ხალხის უმრავლესობას ჯერ კიდევ სურს თავიანთი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დაასახელა ევროკავშირმა საქართველო თავის კანდიდატ ქვეყნად. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
ბოლო წლებში საქართველო კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირს და გაზარდა რუსეთის პირდაპირი გავლენა საქართველოს გადაწყვეტილებებზე. საქართველოს მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონისა და სხვა კანონების მიღება, არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების დაწესებისთვის. ნათელია, რომ სანამ მსგავსი კანონმდებლობა არ იქნება გაწვეული, ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება. დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლა ასევე მაგალითია იმისა, რომ საქართველო მზად არ არის თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.
მაგრამ ჯერ ძალიან გვიანი არ არის საქართველოსთვის, რათა შეცვალოს საკუთარი კურსი, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ხალხისთვის” , - განაცხადა პაეტმა.
0
0