16/03/2023
14:04
ეკონომიკა
ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან გადმოეცა. WWTG-ს თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს.
„ეს კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას, მათ შორის, ამ ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის. ერთი წლის განმავლობაში, საქართველო სათავეში ჩაუდგება და კოორდინაციას გაუწევს ჯგუფის მუშაობას. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში გაიმართება WWTG-ის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი საკითხები, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, რომელიც ბელგიის დედაქალაში გამართული ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.
0
0