28/06/2024
20:31
სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დღეს, საპროკურორო საბჭომ პირველი სხდომა გამართა. ინფორმაციაას საპროკურორო საბჭო თავად ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად 2024 წლის 28 ივნისის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა.
საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ 5 პირს სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა 2024 წლის 3 ივლისის ჩათვლით განუსაზღვრა. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან/და შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს.
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას.
გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2024 წლის 4 ივლისის 11:00 საათიდან დაიწყებს.
0
0